ფაბრიკას საგამოფენო სივრცე – Fabrika Project Space და Fest I Nova 2023 წარმოგიდგენთ ორი ახალგაზრდა ხელოვანის დუო გამოფენას ‘უსახელო’.
გამოფენა ‘უსახელო’ დაცლილია შინაარსისა და კონტექსტისგან, რაც დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს მთლიანად მიენდოს თავის წარმოსახვასა და შეგრძნებებს.
სალომე ბოჭორიშვილის სხვადასხვა მედიაში შექმნილი ნამუშევრები გვიჩვენებენ მისი ცხოვრების და საკუთარი თავის აღქმის განსხვავებულ, სხვადასხვა ეტაპებს. ხელოვანის ნამუშევრები ყოველდღიური ამბებითაა ილუსტრირებული, რომლებიც ჩვენთვის ნაცნობი და ახლოა. ისინი ადამიანების, საგნებისა და სივრცეების მრავალჯერ დაფიქსირებული ვიზუალური რეფლექსიებია განსხვავებული კუთხეებიდან. მისი ექსპერიმენტული მიდგომა, მასალებისა და მედიუმის მუდმივი ცვლილება ქმნის მის სამუშაო პროცესს და მომავალ გეგმებს, რომლებიც სავსეა მოულოდნელობებით და ჯერ კიდევ უცნობია მნახველისათვის და თავად ხელოვანისთვის.
მარიამ მესტვირიშვილი ვიზუალური ხელოვანია, რომლის პრაქტიკაც პირველ რიგში, თიხაში მუშაობაა. ხელოვანი მუშაობის პროცესში იკვლევს შეგრძნებების და შეხებათა სიღრმისეულ მნიშვნელობებს. თიხის “ფლუიდურობა” მას საშუალებას აძლევს ფოკუსირდეს სამყაროს გამოცდილებაზე და ამით ხაზი გაუსვას ხელების ღირებულებას. თიხის, როგორც მედიუმის გამოყენება ატარებს უდიდეს მნიშვნელობას, ვინაიდან ხელების გამოყენებით ხელოვანი ახერხებს გააერთიანოს შემოქმედების აქტი დაკვირვების პროცესთან, როგორც შემოქმედების, ისე ნამუშევრის საგნის სახით.