ხარახურა ფაბრიკას წიგნების ბაზრობის ერთ-ერთი მონაწილეა და 21 სექტემბერს, ბაზრობის ფარგლებში გამართავს ვორქშოპს: მომავლის ბიბლიოთეკა: ზინების ვორქშოპი.
აკინძული ან თუნდაც ცალკეული ფურცლებისგან შემდგარი ყოველდღიური თანამგზავრები – სიტყვა ‘წიგნს’ როგორც კი ახსენებ, მაშინვე ტვინში რაღაც ფიზიკური საგნის სურათი ჩნდება. ციფრული ტექნოლოგიების ხანაში წიგნების არა-ფიზიკური ვარიაციები რთული წარმოსადგენი აღარ არის, თუმცა ხარახურად სხვანაირ წიგნებზე სურს საუბარი:
“წარმოიდგინე მომავლის ბიბლიოთეკა. როგორი ოთახია, საერთოდაც, ოთახია კი? როგორი თაროებია, რა დევს მათზე? როგორი ფორმა აქვს წიგნს? ვინ წერს მათ? როგორი ჟანრობრივი დანაწილებაა? გვხვდება წიგნები, რომლებიც მხოლოდ სხვა ტექსტების უკონტექსტოდ ამოვარდნილ, შემთხვევით ნაწილებზეა დაფუძნებული? გხვდება ისეთი წიგნები, უსასრულოდ რომ შეგიძლია იკითხო? ისეთები, რომლებიც პირადად შენ მოგმართავენ? რა არის შენი მომავალი საყვარელი წიგნი, რომელიც ჯერ არ დაწერილა? ან საერთოდ, შენ რომ წერდე მომავლის წიგნს, რას დაწერდი?”
ვორქშოპის დროს, მონაწილეები გაეცნობიან ზინების რაობას, დაათვალიერებენ სხვადასხვანაირი ზინების მაგალითებს და თავად შეძლებენ ერთ-გვერდიანი კონტრიბუციის გაკეთებას “მომავლის ბიბლიოთეკის” თემის გარშემო.
ვორქშოპზე ადგილები შეზღუდული იქნება, ასე რომ გთხოვთ მოხვიდეთ ადრე.
პ.ს. ხარახურას “ნაწარმის” შეძენას შეძლებთ ბაზრობაზე, მათსავე სტენდთან