a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

გამოფენა: ალიზი | Idaaf Architects

18.11 - 20.11.2022

იწყება

17:00

სრულდება

19:00

18, 19 და 20 ნოემბერს, ფაბრიკა-ს საგამოფენო სივრცეში იდააფ არქიტექტორები წარმოადგენენ ვორქშოფ ალიზი-ს შედეგებს, რომლის მიზანი იყო გამოეკვლია ალიზის ისტორია და დამზადების ტრადიციული მეთოდები; შექმნილიყო მისი ახალი დიზაინი და ეპოვა თანამედროვე მშენებლობაში გაგრძელების ხაზი.
ალიზი, ანუ გამოუწვავი, მზეზე გამომშრალი აგური უძველესი სამშენებლო მასალაა. ტრადიციულად, ალიზი მზადდება მიწითა და წყლით და სიმტკიცისთვის გარეული აქვს ქვიშა, წვრილად დაჭრილი თივა, ნამჯა, ბზე და სხვ. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, მდგრადი სამშენებლო მასალა, რომელიც გამოირჩევა იაფი წარმოებით, კარგი ხმა და თბოიზოლაციითა და მაღალი ხანძარშედეგობით.
ვორქშოფი ალიზი 2022 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში მიმდინარეობდა და შერჩეულ ოთხ მონაწილესთან ერთად მოიცვა კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოები. შესწავლილ იქნა ალიზის შენობები კახეთის სოფელ ქვემო მაღაროში და ქართლის სოფლებში: რუისი, გარეჯვარი და ხიდისთავი.
გარდა ამისა, ვორქშოფის გუნდმა საქართველოს რეგიონებიდან მოიპოვა სხვადასხვა ფერის მიწები, რითაც დამზადდა აგურების ახალი მოდულები და კედლის დეკორატიული ფილები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აგურები და კედლის დეკორატიული ფილები: ჰაე – მარიამ პაპავა; დომინო – ჯოყოლა ქისტაური; ჯ – ელენე ფიჩხაძე, ეს – მეა მიმინოშვილი და იდააფ არქიტექტორების სტუდიაში დამუშავებული აგური “ია”, რომლის ორი უნივერსალური ფორმა ადვილად თავსდება ერთმანეთში, არ საჭიროებს სამაგრებს ან შემავსებელს და საშუალებას იძლევა მარტივად აშენდეს წინასწარ დაგეგმილი შენობები.
გამოფენაზე იდააფ არქიტექტორები ასევე წარმოადგენენ ალიზით დამზადებულ საავტორო ავეჯს.
ვორქშოფი ალიზი პირველი მცდელობაა ამ მასალის შესახებ ცნობიერების ამაღლების და თანამედროვე მშენებლობაში მისი დაბრუნების პირობების განსაზღვრის.
სამთვიანი მუშაობის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ეს სრულად შესაძლებელია როგორც ტრადიციული, ისე ახალი აგურის სახით. ალიზის გამოყენება შესაძლებელია სამშენებლოდ და ინტერიერში და ისეთ დეკორატიულ ნივთებშიც კი, როგორიც არის ავეჯი.
ka_GEGeorgian